ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. „ტოკიო 2020“-ის ჩატარებაზე პასუხისმგებელი სეიკო ჰასიმოტო იქნება.
„ყველა ღონეს ვიხმარ იმისთვის, რომ ტოკიოში ოლიმპიური თამაშები ჩატარდეს“, – განაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის აღმასკომის სხდომაზე ჰასიმოტომ.
ჰასიმოტომდე ეს პოსტი ეკავა იოსირო მორის, რომელმაც თანამდებობა სექსისტური სკანდალის გამო დატოვა. კერძოდ, მორიმ განაცხადა, რომ სპორტულ კომიტეტებსა და ფედერაციებში ქალთა რიცხვის ზრდამ სხდომების ხანგრძლივობის გაზრდა გამოიწვია, რადგან შეკრებებისას ქალები ბევრს ლაპარაკობენ და თითოეული ვალდებულად მიიჩნევს საკუთარი აზრის დაფიქსირებას. საორგანიზაციო კომიტეტის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკოსებისა და სპონსორების კრიტიკის ობიექტი გახდა. გარდა ამისა, პროტესტის ნიშნად ოლიმპიადაზე მუშაობა აღარ მოისურვა 500-მა მოხალისემ.
14 თებერვალს, მორიმ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მან ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ არ სურს იყოს წინაღობა ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში.
56 წლის სეიკო ჰასიმოტო – ყოფილი მოციგურავე და ველომრბოლია. მან შვიდ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა, 1992 წელს ციგურებით რბენაში 1500 მეტრ დისტანციაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2019 წლის სექტემბრიდან ეკავა მინისტრის პოსტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ტოკიოში ოლიმპიადის ჩატარებაზე.