ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე - ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა #1TVSPORT
ჭიდაობის ორივე სახეობაში საქართველოს შვიდი ლიცენზიატი წარმოადგენს, თუმცა მათ შორის განთესილი მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი, მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილია.
გენო მძიმე წონითი კატეგორიის ლიდერია. მისი მთავარი კონკურენტი, ოლიმპიური, მსოფლიოს ორგზის და ევროპის რვაგზის ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული კი მესამე პოზიციაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მათი გზები მხოლოდ 1/2 ფინალში გადაიკვეთება.
ჭიდაობაში განთესვას იღებს რეიტინგის ოთხი მოწინავე ფალავანი და განთესილი კვარტეტიდან 1/2 ფინალში I-III და II-IV ნომრები წყვილდებიან.
რეიტინგის თანახმად, წინასწარ ეტაპზე ლიდერების შეხვედრა გამორიცხულია, თუმცა წელს ევროპის ჩემპიონატის პირველსავე შეხვედრაში გენო აკგულის შეხვდა, რადგან პოლონეთში თურქი განთესილთა შორის არ იყო.