იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ დაადასტურა ინფორმაცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახთან სატელეფონო საუბრის შესახებ. მათ განიხილეს კორონავირუსის გამო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადადების შესაძლებლობა.
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კი ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო:
„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) იაპონიის მთავრობისა და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის დღევანდელი შეთანხმების თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო, მიღებულია გადაწყვეტილება 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გადადების შესახებ. ოლიმპიური თამაშები გაიმართება 2021 წელს, არაუგვიანეს ზაფხულისა. კონკრეტული თარიღი ცნობილი გახდება მოგვიანებით.
ასევე გადაწყდა, რომ თამაშების დასახელება იგივე დარჩება: „ოლიმპიური და პალარიმპიური თამაშები ტოკიო-2020“, – ვკითხულობთ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.