ტოკიო 2020 ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა წილისყრა გაიმართა. ტურნირზე 128 ქვეყნის 393 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 201 მამაკაცია. ყველზე მეტი ძიუდოისტი კაცებში 73კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს (36).
60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი. ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში თავისუფალია.მეორე შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ ჰუსეინოვსა და ნაკლებადცნობილ ბრიტანელ ძიუდოსტს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ჩხვიმიანისთვის პირველ დაპირისპირებაში წარმატების შემთხვევაში მეოთხედფინალში მისი სავარაუდო მეტოქე იაპონელი ტაკატო უნდა იყოს, რასაც გამართლებას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. აღსანიშნავია, რომ ლუხუმი მსოფლიო ჩემპიონია და ოლიმპიური ოქროს გზაზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.
66კგ – ვაჟა მარგველაშვილი. ისევე როგორც ჩხვიმიანი, მარგველაშვილიც პირველი წრიდან თავისუფალია. მეორე წრეში იგი რუს შამილოვს და გერმანელ სეიდლს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალში კი მისი სავარაუდო მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი შმაილოვი იქნება. მარგველშვილისთვის კარგად ასპარეზობის შემთხვევაში ნახევარფინალის საგზურის მოპოვება სავსებით შეასაძლებელია.
73კგ – ლაშა შავდათუაშვილი. ქართველი ძიუდოსიტის პირველი მეტოქე ბრაზილიელ ბარბოსასა და ფრანგ შენს შორის გამარჯვებული იქნება. ოლიმპიური ოქროს ერთ-ერთი კანდიდატი შოჰეი ონო ბადის მეორე მხარეს მოხვდა. მისი და ლაშას წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში ქართველი და იაპონელი ფინალამდე ერთმანეთს არ შეხვდებიან.
81კგ – ტატო გრიგალაშვილი. მისი პირველი მეტოქე გუამის წარმომადგენელი ენდრიუ იქნება. ტატო წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ნახევარფინალში გასასვლელად სავარაუდოდ მონღოლ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონს, საიდ მოლაის დაუპირისპირდება. გრიგალაშვილი საკუთარ წონაში ოქროს მედლის უმთავრესი კანდიდატია და მას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.
90კგ – ლაშა ბექაური. ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში პოლონელ კუჩერას დაუპირისპირდება. ბექაურის კარგად გამოსვლის შემთხვევაში მეოთხედფინალში მისი სავარაუდო მეტოქე ძლიერი უზბეკი ძიუდოისტი ბობონოვი იქნება. ბადის ამავე მხარეს არიან რუსი მიხაილ იგოლნიკოვი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ნიკოლოზ შერაზადიშვილი.
100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი. ქართველი პირველ წრეს გამოტოვებს და მეორე წრეში მისი მეტოქე პაკისტანელ შასა და ეგვიპტელ დარვიშს შორის გამარჯვებული იქნება. ლიპარტელიანის წარმატებულად გამოსვლის შემთხვევაში ნახევარფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში მისი სავარაუდო მეტოქე კანადელი ელნაჰასი იქნება. ვარლამი ოლიმპიური ოქროს უმთავრესი კანდიდატია.
100კგ+ გურამ თუშიშვილი. ჩვენი სპორტსმენი პირველ წრეს გამოტოვებს და მისი მეტოქე პირველ შეხვედრაში კუბელ გრანდასა და ტაჯიკ რახიმვოს შორის გამარჯვებული იქნება. გურამის წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, მისი და ტურნირის მთავარი ფავორიტის, ტედი რინერის დაპირისპირება შესაძლოა ნახევარფინალში ვიხილოთ.
52კგ – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი. ქართველი ძიუდოისტის პირველი მეტოქე ჰაიტის წარმომადგენელი იქნება, ხოლო წარმატების შემთხვევაში ლევიცკა-შუკვანი რეიტინგის მეორე ნომერს, ბუხარდას შეხვდება.
57კგ – ეთერ ლიპარტელიანი. ქართველი პირველ წრეში ნაკლებადცნობილ ანგოლელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება და წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში მეორე წრეში გერმანელ სტოლს შეხვდება. ლიპარტელიანის მებრძოლ ხასიათს და გამარჯვებისკენ სწრაფვას თუ გავითვალისწინებთ, მას თავისუფლად შეუძლია მედლისთვის ბრძოლა. ძიუდოისტები ოლიმპიადაზე 24-31 ივლისს იასპარეზებენ. პირველ დღეს კი საქართველოსთვის მედლის მოპოვებას ლუხუმ ჩხვიმიანი შეეცდება (60კგ).