ტოკიო 2020-ის განცხადებით, არენები სატესტო ღონისძიებებისთვის მზად იქნება
ტოკიო 2020-ის განცხადებით, არენები სატესტო ღონისძიებებისთვის მზად იქნება

ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორთა განცხადებით, საშეჯიბრო არენების მოწყობა წლის ბოლოსთვის და 2020 წლის დასაწყისისთვის დაგეგმილი სატესტო ღონისძიებებისთვის დასრულდება.

გავრცელებული ცნობით, საშეჯიბრო ნაგებობათა სამშენებლო პროგრესი წარმატებულად მიმდინარეობს. ოლიმპიური სტადიონი, რომელმაც გახსნისა და დახურვის ცერემონიებს, ასევე მძლეოსანთა ასპარეზობებს და საფეხბურთო მატჩებს უნდა უმასპინძლოს, 60 პროცენტით დასრულებულია.

ორგანიზატორთა თქმით, საწყლოსნო ცენტრის მოწყობა შარშან გრაფიკს რომ ჩამორჩებოდა, ამჟამად განსაზღვრულ ვადებში ჯდება და 2020 წლის თებერვალში დასრულდება.

ნიჩბოსანთა შეჯიბრებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, სადაც სატესტო ასპარეზობები აგვისტოში უნდა ჩატარდეს, დღეს 77 პროცენტითაა დასრულებული, ხოლო ფრენბურთელთა დარბაზი „არიაკე არენა“ – 51 პროცენტით.

ჩოგბურთის არენის განახლება შარშან კონტრაქტორი კომპანიის გაკოტრების გამო დაყოვნდა, ტოკიოს მთავრობამ შემცვლელი მოძებნა და 17 კორტის მოსაწყობად სამუშაოები განაახლა.

იუმენოშიმას პარკში 70 პროცენტითაა დასრულებული მშვილდოსანთა მოედანი, აგრეთვე ოლიმპიური და პარალიმპური სოფლები.

62 პროცენტითაა დასრულებული არიაკეს ტანმოვარჯიშეთა ცენტრი, რომელიც ოქტომბერში სრულად მზად იქნება.

ყველაზე ცუდი პროცენტული მაჩვენებელი აქვს ბალახის ჰოკეისტთა სტადიონს, სადაც 50 პროცენტზე ნაკლები სამუშაოებია შესრულებული.

წყარო – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი