ტოდორ ნედელევი მომჯობინდა - ბულგარელი ფეხბურთელი თბილისიდან ვერტმფრენით დაბრუნდება #1TVSPORT
ბულგარეთის ნაკრების ოფიციალურმა „ფეისბუქ“ გვერდმა კარგი ამბები გაავრცელა ტოდორ ნედელევის მდგომარეობაზე, რომელიც თბილისში ავარიის შედეგად საოპერაციო გახდა და მკურნალობას საქართველოში აგრძელებს.
„ტოდორ ნედელევი ოპერაციის შემდეგ თბილისის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გადაიყვანეს. დღეიდან ნახევარმცველი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში პროფესორ შოთა ინგოროყვას მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. თავად პროფესორი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, კმაყოფილია ბულგარელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელებით, თუმცა მისი საავადმყოფოდან გაწერის კონკრეტული თარიღები არ დაასახელა“, – წერია ბულგარეთის ნაკრების ოფიციალურ გვერდზე.
იქვე გამოქვეყნდა პროფესორი ინგოროყვას კომენტარი.
„ეს არის სერიოზული ოპერაცია და ამ ეტაპზე ვადებზე არ უნდა ვიჩქაროთ. მთავარია, ტოდორი იყოს მშვიდად და მაქსიმალურად გამოჯანმრთელების საშუალება მიეცეს“.
გამოცემა „გონგის“ ცნობით, ტოდორ ნედელევი არის კონტაქტური.
„მას თამაშის დღეს ბულგარეთის საფეხბურთო კავშირისა და ეროვნული ნაკრების შტაბის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ ის საქართველოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ მოინახულა. ნედელევს საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების თამაშის ხილვა სურდა, მაგრამ მისთვის ჯერ გადაადგილება არ შეიძლება. უახლოეს დღეებში მასთან მისი შეყვარებულიც ჩავა, ეროვნული ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევი კი თბილისში რჩება და ფეხბურთელის მდგომარეობას დააკვირდება“.
ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი თბილისის საავადმყოფოში 10 დღეს გაატარებს, – ამის შესახებ ბულგარელმა ჟურნალისტმა მეთოდი შუმანოვმა Twitter-ზე დაწერა.
მისივე ცნობით, 29 წლის მოთამაშე, სავარაუდოდ, სახლში ვერტმფრენით დაბრუნდება, რადგან დაზიანებების გამო მისთვის თვითმფრინავით ფრენა არ შეიძლება.