ტოკიოში მიმდინარე წლის მეორე ტურნირზე მშვენიერი სტარტი აქვს ქართველ სეკივაკე ტოჩინოშინს. ლევან გორგაძემ შეჯიბრის მეორე დღესაც გაიმარჯვა და ბალანსი 2:0 აქვს.
ქართველი სპორტსმენის მეტოქე მეორე მაეგაშირა აბი იყო, რომელსაც მანამდე არასოდეს შეხვედრია. ტოჩინოშინმა მოწინააღმდეგე იორიკირის ილეთით გადაიყვანა დოჰიოს რკალს მიღმა და კარიერაში საიუბილეო მე-500 გამარჯვება მოიპოვა.
ნაცუ ბაშო ლევან გორგაძის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. 10 მოგების დაფიქსირების შემთხვევაში ქართველი მებრძოლი ოძეკის უპრესტიჟულეს წოდებას მიიღებს.