ჯაბა კანკავას, რომელმაც საფრანგეთის ლიგა2-ის კლუბ „ვალანსიენთან“კონტრაქტი გააფორმა, ყოფილი კლუბი კოსტანაის „ტობოლი“ დაემშვიდობა და მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ჯაბა! ქართველ ნახევარმცველსა და კოსტანაის კლუბს შორის ხელშეკრულების ვადა დასრულდა. გუნდში კანკავა 2018 წლის იანვარში ჩაირიცხა. ქართველი საყრდენი ნახევარმცველი მოედანზე თავდადებითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, რის გამოც გულშემატკივარმა შეიყვარა. „ტობოლის“ ფორმით ჯაბამ 86 მატჩი ჩაატარა, გახდა ოთხი გოლისა და სამი გადაცემის ავტორი. კოსტანაის გუნდში ჯაბა გახდა ჩემპიონატის ბრინჯაოსა და ვერცხლის მედალოსანი. საფეხბურთო კლუბი „ტობოლი“ მადლობას უხდის ჯაბას და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში“, – ვკითხულობთ კლუბის წერილში.
ჯაბა კანკავა „ტობოლში“ 2018 წლიდან თამაშობს. ბოლო სეზონში ის გულშემატკივრებმა კლუბის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ხოლო ყაზახეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ წლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
საქართველოს ნაკრების 34 წლის კაპიტანმა ფრანგულ „ვალანსიენთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და გუნდის ღირსებას სეზონის დასრულებამდე დაიცავს. ჯაბა კანკავა ახალ კლუბში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.