თითქმის გადაწყვეტილია, რომ ტოკიოს ოლიმპიადა უცხოელი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება
თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები უარს იტყვიან უცხოელი გულშემატკივრების დაშვებაზე, – ამის შესახებ დაწერა სააგენტო Kyodo-მ.
წყაროს ცნობით, შესაბამის გადაწყვეტილებას მარტის შუაში მიიღებენ შეხვედრაზე, რომელსაც ერთობლივად ჩაატარებენ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი, იაპონიის მთავრობა, ტოკიოს მთავრობა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. ამ მომენტისთვის უცნობია, ეს შეზღუდვა შეეხებათ თუ არა ოლიმპიადაზე აკრედიტებულ უცხოელ ჟურნალისტებს.
ამასთან, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოსიჰიდე სუგამ პარასკევს განაცხადა, რომ ტოკიოში კიდევ ორი კვირით გახანგრძლივდება საგანგებო სიტუაციის რეჟიმი, რომელიც შვიდ მარტს უნდა დასრულებულიყო.
დღეისთვის, იაპონიაში ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოქმედებს ფაქტობრივი აკრძალვა ვიზების გაცემაზე, რაც უკავშირდება დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენას. ეს აკრძალვა ძალაში გასული წლის 28 დეკემბერს შევიდა.
გამოკითხვის თანახმად, რომელიც წამყვანმა იაპონურმა გაზეთმა Yomiuri-მ ჩაატარა, იაპონელთა 90 პროცენტს მიაჩნია, რომ მომავალი ოლიმპიადა ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ან მაყურებლის მინიმალური რაოდენობით უნდა ჩატარდეს.
წელს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.