„ტირანას“ მწვრთნელი - „ტორპედო“ ძლიერია და რამდენიმე ნაბიჯით გვისწრებს, მაგრამ მოთამაშეები მოსაგებად მაქსიმუმს გაიღებენ #1TVSPORT
ალბანური „ტირანას“ მწვრთნელმა, ბლედი შკემბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში გამარჯვებისთვის გუნდს დიდი ბრძოლა დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ, დიდი უპირატესობის მიუხედავად, „ტორპედომ“ ქუთაისში გამართული პირველი შეხვედრა „ტირანასთან“ 1:1 დაასრულა.
„ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს, პირველ მატჩში კარგად ვითამაშეთ. გუნდს შესათამაშებლად დრო სჭირდება, მაგრამ ამ შეხვედრიდან დადებითი ემოციები დამრჩა. ვაფასებთ მეტოქეს და ვამბობ, რომ „ტორპედოს“ სახით ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს.
ყველაფერი უნდა გავიღოთ, ვირბინოთ და ვიბრძოლოთ დაუსრულებლად, რათა გავიმარჯვოთ. დადებითი შედეგის მისაღწევად საჭიროა რწმენა. ვიცით და ვგრძნობთ იმ შესაძლებლობებს, რაც გვაქვს. მნიშვნელოვანია, მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა იცოდნენ, რა შეგვიძლია. მატჩის წინ შანსებს 50/50-ზე შევაფასებ.
მეტოქე ჩვენ რამდენიმე ნაბიჯით გვისწრებს, მაგრამ მოედანზე ვეცდებით, სხვაობა შევამციროთ. ქუთაისში გამარჯვება უკეთესი იქნებოდა, თუმცა მე მაინც კმაყოფილი ვარ. გპირდებით, ფეხბურთელები მოედანზე მაქსიმუმს გაიღებენ და იმედია, ჩვენს მხარდამჭერებს გავახარებთ“, – განაცხადა შკემბიმ.