ევროვიზიის კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არ არის მხოლოდ სიმღერის კონკურსი, ეს არის კონკურსი მედიისთვის, რომლის წარმომადგენლებიც უყურებენ ახალ ტექნიკურ შესაძლებლობებს, რაც ევროვიზიის სცენაზე ხდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, ხშირად არის საუბარი, რომ ევროვიზია არის პოლიტიკური კონკურსი, თუმცა საბავშვო ევროვიზია არის მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვებმა მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება სცენაზე და სცენის მიღმა.
“პირველ დღეს უპრეცედენტოდ სწრაფად გაიყიდა ბილეთები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კონცერტის მიმართ ინტერესი დიდია, რასაც ხელს შეუწყობენ ჩვენი ძალიან კარგი წამყვანები. ბილეთებთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგან ეს შოუ გათვლილია ბავშვებზე და რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა უნდა ისიამოვნოს, ამიტომ ბილეთების ფასსაც ჰქონდა სიმბოლური დატვირთვა. მადლობა, რომ ყველასთვის ეს ბილეთები ხელმისაწვდომია. ევროვიზიის კონცერტის ბილეთები ჯერ ეტაპობრივად გამოდის გაყიდვაში და 26 ნოემბრის შოუზეც არის ბილეთების ყიდვა შესაძლებელი. ამიტომ ველოდებით ჩვენს გულშემატკივარს -ბავშვებს”, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ევროვიზია ერთი და ორი კონცერტით არ სრულდება, ეს არის კომპლექსური ღონისძიებები, რომელიც 19 ნოემბერს დაიწყება და 26 ნოემბერს დასრულდება.
“საკმაოდ დიდია დელეგაციების რაოდენობა, დაახლოებით 200 ადამიანი ჩამოდის, ვინც უშუალოდ მონაწილეთა საპროდუსერო გუნდებში არიან. მათ 20 ნოემბერს ექნებათ შესაძლებლობა, ერთმანეთი პირველად ნახონ, მონაწილე ბავშვებმა კი ერთმანეთი გაიცნონ. ბავშვებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ნახონ თბილისი. ძალიან ბევრი სოციალური აქციაა დაგეგმილი, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ქართულ კულტურას. ძალიან დატვირთულები არიან, ბევრი რეპეტიცია აქვთ და ვეცადეთ მაქსიმალურად ყოფილიყო შესაძლებელი, რომ ამ ათ დღეში თბილისის მასშტაბით მაინც მაქსიმალურად წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, უკვე ტრიალებს ლიზი ჯაფარიძის ვიდეოები, სადაც საქართველოში ჩამომსვლელები ქართულ კულტურას ეცნობიან.
“სწორედ ლიზის ვიდეოებით დავიწყეთ, გვექნება დღიურები, ჩართვები, ასე რომ მაყურებელი თუ დარჩება პირველ არხზე, ექნება შესაძლებლობა მთლიანად ნახოს, როგორ მიმდინარეობს ღონისძიება პირველი დღიდან ბოლომდე”, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.
ამასთან, თინათინ ბერძენიშვილმა ევროვიზიის კონკურსზე ხმის მიცემის წესების ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ემატება ონლაინ მომხმარებლები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ კონკურსანტებს მისცენ ხმა.
“წელს ემატება ონლაინ მომხმარებელი, ახალი მედია. ადრე. როგორც იცით, ევროვიზიას აფასებს ჟიური და რიგ შემთხვევაში მაყურებელი და დაემატება ონლაინ მომხმარებელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოსაც შეეძლება, რომ ქართველ მონაწილეს მისცეს ხმა, რაც პირველად ხდება, წესები არის ძალიან მარტივი. ჩვენს ეთერში უკვე ტრიალებს ვიდეოინსტრუქცია. ვინც არის გულშემატკივარი, ვთხოვ, რომ ეს წესები აუცილებლად ნახოს და უგულშემატკივროს საქართველოსაც, რადგან ეს მხოლოდ წელს შეუძლია”, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
ამასთან, ევროვიზიას პირველად ისტორიაში ექნება გარდამავალი პრიზი, რომელიც, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაშია.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტარტს იღებს 15 წლის საიუბილეო შემაჯამებელი ღონისძიება და სტარტს აიღებს საქართველოდან. ევროვიზიაში, როგორც წესი, 10 ქვეყანა მონაწილეობს ხოლმე, არის 12-13 ქვეყანაც. სულ დაშვებულია 18 ქვეყანა. წელს საქართველოში გვეწვევა 16 ქვეყნის წარმომადგენელი, რაც მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. ინტერესი ძალიან დიდია, რადგან დავიწყეთ 8 ქვეყნით. დასაწყისში გვქონდა შიში, რამდენად ავალთ 12-ზე და 13-ზე, თუმცა ავედით 16-ზე და იმაზეც იყო საუბარი, რომ მეტი შეიძლება ვერ დავამატოთ, რადგან ბავშვებს განსაკუთრებული უსაფრთხოება სჭირდება. ჩვენი მაქსიმუმი შევძელით და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, რომ ასეთი ინტერესი არის სხვა ქვეყნების მიმართ. ეს არის ცენტრალური, ასევე დასავლეთ ევროპა, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, რაც მთავარია ავსტრალია”, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ევროვიზიის ქართველი მონაწილე გრიგოლ ყიფშიძე, შარშანდელ გამარჯვებულთან მარიამ მამადაშვილთან ერთად უმასპინძლებს სტუმრებს.
“დაგეგმილია ძალიან ბევრი ღონისძიება ბავშვებისთვის, მათ შორის, ჩვენ ისე გადავტვირთეთ, როგორც ქართველებს გვჩვევია, ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან თხოვნა იყო, რომ ცოტა მეტი თავისუფალი დრო დაგვეტოვებინა, ამ თავისუფალ დროს გრიგოლი გაატერებს მათთან ერთად. ყოველდღიურად მათ აქვთ პატარ-პატარა ღონისძიებები, რომელსაც სიურპრიზად ვტოვებთ, რომ მაყურებლისთვისაც იყოს საინტერესო. გრიგოლ ყიფშიძე, გარდა იმისა, რომ დგას სცენაზე, არის ღონისძიების მასპინძელიც. ასევე ძალიან დიდ როლს ითამაშებს მარიამ მამადაშვილი, რომელმაც ჩამოგვიტანა ევროვიზია საქართველოში და ჩვენი მზე სპეციალურად ამერიკიდან ჩამოდის საქართველოში, რათა დახვდეს ევროვიზიას და ყველა ბავშვს უმასპინძლოს”, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ევროპის მაუწყებელთა კავშირს აქვს გარკვეული მოთხოვნები, გაიდლაინები და ინსტრუქციებს მივყვებით თავიდან ბოლომდე.