თინათინ ბერძენიშვილი - ძალიან ამაყი ვარ ჩვენი პარასპორტსმენების შედეგებით, იმ გავლენით, რაც ამ შედეგებმა საზოგადოებაზე მოახდინა, თუ ერთ ადამიანს მაინც გაეზარდა მოტივაცია, ეს საუკეთესო შედეგია
„სპორტის კუთხით ცხელი და დადებითი ემოციებით დატვირთული წელი გვაქვს. ჩვენც და მაყურებელიც ვერ გამოვედით იმ ეიფორიიდან, ევრო 2024-სა და ოლიმპიადას რომ უკავშირდება, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უპრეცედენტო მედლების რაოდენობა მოგვიტანა“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
„სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი – ჩემთვის ყველაზე საყვარელი თემა პარასპორტია. ძალიან ამაყი ვარ ჩვენი პარასპორტსმენების მიერ ნაჩვენები შედეგებით პარალიმპიადაზე, იმ გავლენით, რაც ამ შედეგებმა საზოგადოებაზე მოახდინა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია სწორედ ის არის, რომ მოემსახუროს მოსახლეობის იმ ჯგუფებს, რომლებსაც ასე სჭირდება სატელევიზიო, რადიო და ონლაინ ეთერი. თუ ერთ ადამიანს მაინც გაეზარდა მოტივაცია, ეს ჩვენთვის საუკეთესო შედეგია. პარალიმპიადა ჩართულობის კუთხით შემიძლია შევადარო ოლიმპიადას – ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ეს ყველაფერი ციფრებით იზომება და შედეგსაც აქედან ვიგებთ. საქართველოს პირველმა არხმა დაახლოებით 80 საათი დაუთმო პარალიმპიადას, რაც სამაგალითოა უცხოური სხვა დიდი ტელევიზიებისთვისაც. რადგან ციფრებზე ვსაუბრობ, დავამატებ: სამი დღის განმავლობაში 4 923 000 მაყურებელი ჰყავდა პირველ არხზე ევროპის ჩემპიონატის ტრანსლაციებს. ასევე 572 ათასი ადამიანი – პირველი არხი სპორტს და ერთი მილიონი ადამიანი – ონლაინ მედიას. ეს იმას ნიშნავს, რომ სპორტის მიმართ უპრეცედენტოდ დიდი ინტერესია.
მინდა, მადლობა გადავუხადო სპორტის ჯგუფს, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა. ასევე, ხაზს გავუსვამ, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ტრანსლაციებს ემსახურება პირველი არხის ტექნიკური გუნდი, რაც ასევე ძალიან საამაყოა. გაზაფხულიდან ახალი არხი გვაქვს – პირველი არხი სპორტი. ეს პროექტი სამი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:
პირველი – ქართული სპორტის ხელშეწყობა. შევხვდით სპორტულ ფედერაციებს და თითოეულმა დაგვიდასტურა მზაობა თანამშრომლობისთვის;
მეორე ნაწილი უნიკალური არქივია, რომელიც პირველ არხს გააჩნია. ჩვენ ვნახეთ, რამხელა ჩართულობა აქვს ჩვენი არქივის ფილმებს;
მესამეა უცხოური სპორტი. „ევროვიჟენ სპორტის“ ერთადერთი პარტნიორები ვართ. პირველი არხი სპორტზე ტრანსლაცია კიდევ უფრო მეტი იქნება. ნებისმიერ გადაცემაში ვეძებთ ღირებულებას. სპორტის შემთხვევაში ძირითადი მახასიათებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ჩართულობა სპორტში. დიდ ყურადღებას ვაქცევთ ქალთა სპორტს. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ევროპის 2025 წლის ქალთა ჩემპიონატის ლიცენზიის მოპოვება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.