წლის შემაჯამებელი ტურნირის პირველ მატჩში ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა „ლონდონი 2020“-ის ჯგუფში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამსეტიან ბრძოლაში დაამარცხა – 7:6(5), 4:6, 6:3. მატჩი ორი საათი და 18 წუთი გრძელდებოდა.
პირველ სეტში ტიმს ჰქონდა უპირატესობა, რაც სამ მოპოვებულ ბრეიკ-პოინტში გამოისახა, მაგრამ ავსტრიელმა ეს შანსები ვერ გამოიყენა. ციციპასი ბრეიკ-პოინტამდე არ მისულა, სამაგიეროდ, ტაი-ბრეიკზე ჯერ 4:1, შემდეგ 5:3 დაწინაურდა, მაგრამ ტიმმა ზედიზედ ოთხი გათამაშების მოგებით სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მეორე სეტში ციციპასმა მესამე გეიმში გამოიმუშავა ორი ბრეიკ-პოინტი და მეორე ცდაზე ბრეიკიც შეასრულა. სეტის ბოლომდე ჩოგბურთელებს აღარ ჰქონიათ ერთმანეთის გეიმის აღების შესაძლებლობა და სეტებში ანგარიში გათანაბრა.
მესამე სეტში მეტოქეებს თანაბარი შანსები ჰქონდათ – თითო ბრეიკ-პოინტი მოიპოვეს. ტიმმა შეძლო ამ ერთადერთი შანსის გამოყენება, ციციპასმა ეს ვერ მოახერხა და ტიმმა მოგებით დაიწყო ლონდონის ტურნირი.
აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები შარშან, ამ ტურნირის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ციციპასმა შეძლო მოგება, ასე რომ, ტიმმა, ამჯერად მოახერხა რევანშის აღება.
ამავე ქვეჯგუფში პირველ ტურის მეორე მატჩში ესპანელი რაფაელ ნადალი და რუსი ანდრეი რუბლიოვი შეხვდებიან ერთმანეთს.