ლეგენდარული კალათბურთელი ტიმ დანკანი „სან ანტონიოში“ მთავარი მწვრთნელის გრეგ პოპოვიჩის ასისტენტად დაინიშნა, – იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. ასევე გამოცხადდა, რომ პოპოვიჩის მეორე ასისტენტი იქნება უილ ჰარდი.
„სრულიად ლოგიკურია. 19 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი ტიმ დანკანს ასისტენტად. ახლა, დროა ვალი დააბრუნოს“, – იხუმრა ამ ახალ ამბავზე 70 წლის პოპოვიჩმა.
ტიმ დანკანმა მთელი თავისი კარიერა „სან ანტონიოში“ გაატარა მას შემდეგ, რაც 1997 წელს დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს. 19 წლის განმავლობაში, მან გუნდთან ერთად ხუთი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა, ორჯერ გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე და სამჯერ – ფინალური სერიის MVP. ტიმმა კარიერა 2016 წელს დაასრულა.