5 მარტს, “თი ბი სი გალერეაში“ (მარჯანიშვილის ქ. 7) გაიმართა ალექსანდრე კოტორაშვილის საიუბილეო ფოტოგამოფენა და ფოტოგამოფენისადმი მიძღვნილი ფოტოალბომის “ალექსანდრე კოტორაშვილის 100 ფოტო“ პრეზენტაცია. ფოტოგამოფენაზე მოეწყო კინორეჟისორ გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის, „ფოტორეპორტიორის“ ჩვენება. ღონისძიებას დაესწრო კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე. ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტოგამოფენა დაათვალიერეს და 75 წლის იუბილე მიულოცეს – ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა, ვეტერანმა სპორტსმენებმა, მეგობრებმა და სპორტის გულშემატკივრებმა. ალექსანდრე კოტორაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ცნობილ სპორტულ გამოცემაში, “ლელოში“ და არაერთი მნიშვნელოვანი, საქართველოში თუ საზღვარგარეთ ჩატარებული საერთაშორისო შეჯიბრი გადაუღია. კოტორაშვილს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართული სპორტული ფოტოგრაფიის განვითარების საქმეში და ქართული სპორტის უნიკალური ფოტოარქივის მფლობელია. ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტოგამოფენა “თი ბი სი გალერეაში“ 6 მარტსაც გაგრძელდება და დაინტერესებულ გულშემატკივარს საინტერესო ფოტოების ნახვის შესაძლებლობა მიეცემა. კოტორაშვილის ფოტოგამოფენის და კატალოგის გამოცემა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დახმარებით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.