The New York Times-ი - „ლივერპული“ „ვალენსიის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენასთან ახლოსაა #1TVSPORT
„ლივერპული“ „ვალენსიის“ მეკარესთან, გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა, – ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემამ გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერსისაიდელები კონტრაქტის გაფორმებას ცდილობენ 23 წლის ფეხბურთელთან, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
„მამარდაშვილის ტრანსფერში „ლივერპული“ დაახლოებით 40 მილიონ ევროს გადაიხდის. გარიგების მიხედვით, ქართველი მეკარე ერთი სეზონით კვლავ „ვალენსიაში“ დარჩება, „ლივერპულს“ კი ოფიციალურად მომავალი ზაფხულიდან შეუერთდება, მას შემდეგ, რაც კლუბს, დიდი ალბათობით, ალისონ ბეკერი დატოვებს, რომელიც მიმდინარე სეზონში კვლავ „წითლების“ ძირითადი მეკარე იქნება.
31 წლის ბრაზილიელს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში მას წარმატებით ცვლიდა ირლანდიის ნაკრების 25 წლის მეკარე კაოიმინ კელეჰერი. თუმცა კელეჰერს მეორე მაკარის სტატუსი არ აკმაყოფილებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ლივერპულთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს, რომელიც 2026 წლამდე აკავშირებს. მისი ღირებულება 30 მილიონი ევროა.
მამარდაშვილის მიმართ მანამდე ინტერესს „ნიუკასლი“, მადრიდის „ატლეტიკო“, „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“ და მილანის „ინტერი“ იჩენდნენ. ზაფხულის დასაწყისში „ვალენსიამ“ მამარდაშვილის შემცვლელად „რაიო ვალეკანოდან“ ჩრდილოეთ მაკედონიის მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი დაიმატა.
გასულ სეზონში მამარდაშვილმა ლა ლიგის 37 მატჩში კარი „მშრალად“ 13-ჯერ შეინახა. ევროპის ჩემპიონატზე კი საქართველოს ნაკრების ოთხ მატჩში 30 „სეივი“ შეასრულა და „ჯვაროსნების“ მერვედფინალში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა“, – წერს The New York Times-ი.