The Athletic - „პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს სათადარიგოთა სკამზე გადასმას გეგმავს #1TVSPORT
ავტორიტეტული სპორტული გამოცემის, The Athletic-ის ინფორმაციით, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს მიმართ ბერკეტის გამოყენებას გეგმავს.
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ფრანგულ გრანდთან კონტრაქტის პირობების შესრულებას 2024 წლის ზაფხულამდე აპირებს და შემდეგ აღარ გაააქტიურებს ხელშეკრულებაში არსებულ პუნქტს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით, 2025 წლის ზაფხულამდე გაგრძელდეს.
„პარი სენ-ჟერმენმა“ მბაპეს ულტიმატუმიც წაუყენა – მან ახალი ხელშეკრულება უნდა გააფორმოს, რადგან კლუბის ხელმძღვანელებს 24 წლის ვარსკვლავის უფასოდ დაკარგვა მომავალ წელს არ სურთ.
როგორც The Athletic-ი გვაუწყებს, პარიზელები კიდევ უფრო მკაცრი ზომების მისაღებად ემზადებიან და თუ მბაპე ივლისის ბოლომდე კონტრაქტთან დაკავშირებით პოზიციას არ შეიცვლის, სათადარიგოთა სკამზე გადასვამენ.
როგორც კილიან მბაპე აცხადებს, მისი ოცნება მადრიდის „რეალში“ თამაშია, ხოლო ესპანური კლუბი მის ირგვლივ შექმნილ ვითარებას თვალს აქტიურად ადევნებს.