თბილისის „ლოკომოტივის“ კარს ისევ გამოცდილი რევაზ თევდორაძე დაიცავს – 32 წლის მეკარეზე ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„რევაზ თევდორაძე „ლოკომოტივში“ დაბრუნდა. 32 წლის მეკარემ, ჩვენ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. წარმატებულ ახალ სეზონს ვუსურვებთ რეზის „ლოკომოტივთან“ ერთად“, – წერია „ლოკომოტივის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თევდორაძე პროფესიულ ფეხბურთში 2005 წლიდან არის. პირველი კლუბი „თბილისი“ იყო. მას შემდეგ 14 კლუბში ითამაშა. „ლოკომოტივში“ ოთხი სეზონის განმავლობაში გამოდიოდა და 2016–2018 წლებში 77 მატჩი ჩაატარა. ის გუნდის კაპიტანი გახლდათ.
2018 წლის ბოლოს გუნდთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა და კარიერის დასრულება სურდა, მაგრამ 2019 წლიდან თბილისის „მერანში“ ჩაირიცხა და გუნდის ეროვნულ ლიგაში გადასვლაში დიდი როლი ითამაშა. დასრულებულ სეზონში გუნდის ფორმა 17-ჯერ მოირგო.
რევაზ თევდორაძე იყო საქართველოს ყველა ასაკის და ეროვნული გუნდის მეკარე. 2006 წელს „ჯვაროსნების“ ფორმით ერთი არაოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.