ტევადობის 33 პროცენტი - სუპერთასის შეხვედრას მაყურებელი დაესწრება #1TVSPORT
2022 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრას მაყურებელი დაესწრება – გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
საქართველოს სუპერთასის შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს 2021 წლის სეზონის ეროვნული ლიგის ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული „საბურთალო“ დაუპირისპირდებიან.
„სუპერთასის მატჩზე დასწრება თავისუფალია. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით მატჩებზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება“, – წერია ფეხბურთის ფედერაციის განცახდებაში.
საქართველოს სუპერთასის შეხვედრა ბათუმის „დინამოსა“ და „საბურთალოს“ შორის „რამაზ შენგელია არენაზე“ 20 თებერვალს 18:00 საათზე დაიწყება.