თეთრი სახლის ინფორმაციით, დეკემბრის შემდეგ ბახმუტში 20 000 რუსი სამხედრო დაიღუპა
აშშ-ის შეფასებით, ბახმუტში ბოლო ხუთი თვის განმავლობაში 100 000 რუსი სამხედრო დაიჭრა ან დაშავდა, – ამის შესახებ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
ჯონ კირბის ცნობით, აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ბახმუტისთვის ბრძოლაში რუსეთის 20 000 სამხედრო დაიღუპა, მათგან ნახევარი „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლი იყო.
„დონბასში რუსეთის ბახმუტიდან შეტევის მცდელობა ჩავარდა. რუსეთმა ვერ შეძლო, რამე რეალური სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკავება“, – განაცხადა კირბიმ.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ძალებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს ბახმუტში, თუმცა მათ ეს „საშინელ ფასად“ დაუჯდათ, ხოლო უკრაინის თავდაცვა რეგიონში ძლიერი რჩება.
„რუსეთმა ამოწურა თავისი სამხედრო მარაგები და შეიარაღებული ძალები. დეკემბრის შემდეგ, ჩვენი შეფასებით, რუსეთმა 100 000 ადამიანი დაკარგა, მათ შორის, 20 000 მოკლულია ბრძოლაში. მათგან დაახლოებით ნახევარი „ვაგნერის“ სამხედროები არიან. ეს ციფრები ნამდვილად გასაოცარია“, – განაცხადა კირბიმ.