თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ ევროპის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, დაიწყონ უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები ევროპის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, დაიწყონ უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
კითხვაზე, მისცემს თუ არა აშშ დასავლეთს საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელების მომზადების ნებართვას, სალივანმა განაცხადა, რომ ისინი ამას გაააკეთებენ.
„პრეზიდენტმა აანთო მწვანე შუქი და ჩვენ დავუშვებთ, მხარს ვუჭერთ, ხელს შევუწყობთ და რეალურად მივაწვდით უკრაინელებს საჭირო ინსტრუმენტებს, რათა დაიწყონ წვრთნა F-16-ზე, როგორც კი ევროპელები მზად იქნებიან“, – განაცხადა მან.
ბაიდენის მრჩევლის თქმით, ევროპის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მათ სჭირდებათ რამდენიმე კვირა ტრენინგისთვის მოსამზადებლად. მისივე განცხადებით, აშშ იცავს ნებისმიერ ვადას, რომელიც მათ დაასახელეს.
„აშშ არ დააყოვნებს F-16-ის წვრთნების დაწყებას“, – თქვა სალივანმა.