ტერნერი დაბრუნდა, ბითაძეს არ უთამაშია - „ინდიანა“ ყოფილმა მწვრთნელმა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
18 აპრილს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგმა ტურმა აიღო სტარტი, სადაც გოგა ბითაძის „ინდიანა“ „ატლანტას“ ესტუმრა. ეს შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, რადგან ნეიტ მაკმილანს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ უწევდა თამაში.
ბითაძეს, სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ტრავმის შემდეგ დაბრუნდა მაილს ტერნერი, მას ექვსი მატჩის გამოტოვება მოუწია და „ატლანტას“ წინააღმდეგ საკმაოდ დიდი სათამაშო დრო მიეცა.
მიუხედავად იმისა, რომ თამაში „ჰოუკსის“ დიდი უპირატესობით დაიწყო, „ინდიანამ“ მაინც მოახერხა ინდტრიგის შენარჩუნება. პირველ მეოთხედში იყო ეპიზოდი, როცა მაკმილანის გუნდი მეტოქეს 20 ქულითაც გაექცა. მეორე და მესამე პერიოდებში „პეისერსი“ ბევრად უკეთ გამოიყურებოდა და ბოლო მეოთხედამდე სხვაობის 4 ქულამდე შემცირებაც მოახერხა, მაგრამ „ატლანტა“ მატჩის ბოლო წუთებში ათამაშდა და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა.
შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ტრაე იანგი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 34 ქულითა და 11 პასით გაიფორმა. ფენომენალური შეხვედრა ჰქონდა კლინტ კაპელას, რომელმაც მაილს ტერნერის ბარიერი საკმაოდ მარტივად გადალახა და სამწამიანში დომინირებდა. შვეიცარიელი ცენტრის ანგარიშზე 25 ქულა და 24 მოხსნაა. „ინდიანადან“ კი ორმაგი დუბლი დომანტას საბონისმა გაიფორმა, მან 18 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. 29 ქულა ჰქონდა მაკლოლმ ბროგდონს. ტერნერს კი ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა, მას 9 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა.
„პეისერსისთვის“ ეს რიგით მესამე მარცხია, საერთო ჯამში კი ბიორკგრენის გუნდს რეგულარულ სეზონში 30 წაგება დაუგროვდა. „ინდიანა“ შემდეგ შეხვედრას 20 აპრილს „სან ანტონიოს“ წინააღმდეგ გამართავს.