ტერიტორია ქალაქისგან, დაფინანსება - „ფიფა“-სგან, კობიაშვილი ვარკეთილის პროექტის მოდელს სამაგალითოდ მიიჩნევს
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პროექტი, რომელიც წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ, დღეს წარმატებით დასრულდა და უკვე ხვალიდან ბავშვები ფეხბურთს ითამაშებენ და ისიამოვნებენ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრის გახსნაზე.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, პროექტის მოდელი სამაგალითოა: „ეს ნამდვილად სამაგალითო პროექტია და მსურს, ფეხბურთის ფედერაციის, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლობას გავუსვა ხაზი. ტერიტორია ჩვენ კონკრეტული ვალდებულებით გადმოგვეცა, რომ აგვეშენებინა სტადიონი, დამხმარე ინფრასტრუქტურით. ახალი საფეხბურთო ცენტრით ვარკეთილში არსებული საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლებენ. მადლობა თბილისის მერს, კახი კალაძეს და თბილისის საკრებულოს“.
ლევან კობიაშვილმა დააზუსტა – სახელმწიფომ ტერიტორია იმ პირობით გადასცა, რომ სტადიონს ფეხბურთის ფედერაცია ააშენებდა: „ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი სახელმწიფო დაფინანსებით არ აშენებულა და ჩვენ ეს პროექტი „ფიფა“-ს „ფორვარდის“ პროგრამიდან მოზიდული თანხით განვახორციელეთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიზანია, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა თბილისის ყველა უბანში მოეწყოს. შემდეგი მშენებლობა უკვე დაწყებული გვაქვს გლდანში და ასე გავაგრძელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით“.