დორტმუნდის „სიგნალ იდუნა პარკზე“ ადგილობრივ „ბორუსიასა“ და „ბარსელონას“ შორის მატჩის მთავარი გმირი სტუმართა გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი აღმოჩნდა, რომელმაც ერთი პენალტი მოიგერია და რამდენიმე შემთხვევაში თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის გახსნით მატჩში კატალონიელების სასტარტო შემადგენლობაში 16 წლის ანსუ ფატიც გამოჩნდა, ლიონელ მესი კი შეცვლაზე შევიდა, თუმცა გუნდმა შეტევაში თითქმის ვერაფერი შექმნა.
მეორე ტაიმში მასპინძლები დომინირებდნენ და რამდენიმე კარგი საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა ტერ შტეგენი უშეცდომოდ თამაშობდა. ხოლო, როდესაც მეკარეც უძლური აღმოჩნდა, ბარსელონელები ძელმა გადაარჩინა.
საბოლოოდ, მატჩი 0-0 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ამ ჯგუფის მეორე მატჩი მილანში გაიმართა, სადაც ადგილობრივი „ინტერი“ პრაღის „სლავიასგან“ მარცხს ბოლო წუთებზე გაექცა. მატჩი 1-1 დასრულდა.