თეონა აქუბარდია - ჩვენ არ ვაღიარებთ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას, ვიდრე ქართველი ხალხის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ლეგიტიმაცია არ ექნება
პარლამენტში იქნება არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არჩეული „ოცნების“ 89 დეპუტატი. ის რომ, ლეგიტიმაციას არ შევუქმნით გაყალბებულ არჩევნებს, ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება.
ამასთან, როგორც თეონა აქუბარდია აცხადებს, აქციას, რომელიც დღეს რუსთაველზეა დაგეგმილი, „გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდება.
„ლეგიტიმაციას არ შევუქმნით – ნიშნავს, რომ პარლამენტში არ ვიქნებით და არ ვაღიარებთ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას, ვიდრე ქართველი ხალხის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ლეგიტიმაცია არ ექნება პარლამენტს. ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, არა ისე, როგორც ეს ივანიშვილმა ჩაატარა და დაწერა, არამედ ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის არჩევანის შესაბამისად იქნება. რაც შეეხება აქციას, დღევანდელი აქცია, როგორც ვიცი, „დაიტოვეს“ ორგანიზებულია. „დაიტოვე“ არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, სამოქალაქო ჯგუფებია. ჩვენი, „გახარია საქართველოსთვის“ პოზიცია არის, რომ არცერთი აქციის ორგანიზებაში არ ვართ ჩართულები, თუმცა მონაწილეობას ვიღებთ მშვიდობიან პროტესტში. ჩვენ, როგორც მონაწილეები, დღევანდელ აქციაზე ვიქნებით და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს წინააღმდეგობა და ბრძოლის სხვა განზომილებები, საბოლოო ჯამში, ითარგმნოს ხელახალ არჩევნებსა და არჩევანის თავისუფლების დაბრუნებაში“, – განაცხადა აქუბარდიამ.