თენგიზ სულაქველიძე - სად იყო მაშინ კარგი პირობები, ფორმებსაც ჩვენ ვრეცხავდით
„ნახევარფინალის თბილისურ შეხვედრაში ნიდერლანდის „ფეიენოორდთან“ თენგომ ფეხითაც გაიტანა, თავითაც, დრიბლინგიც აჩვენა. ნუ მოკლედ, ძალიან მაგარი თამაში ჩაატარა. (იცინის) მაგრამ არ დაგავიწყდეთ, პირველი პასი მე მივეცი, მეორე გოლშიც მონაწილეობა მივიღე და გოლიც გავიტანე. ასე რომ, ამ მატჩის გმირები ვიყავით“, – ასე გაიხსენა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა თენგო სულაქველიძის როლი 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გათამაშების ნახევარფინალში.
„ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო. ალბათ, ეს ჩემი დღე იყო, ორი გოლი გავიტანე. მე სხვა თამაშს გაგახსენებთ – ლონდონში „ვესტ ჰემთან“ გუნდი საშამ ათამაშა. მაშინდელი „დინამო“ დიდი გუნდი იმიტომაც იყო, რომ ერთ თამაშს ჩივაძე გვათამაშებდა, მეორეს ყიფიანი, მესამეს გუცაევი, მეოთხეს მე და ა.შ… სხვაგვარად ეს წარმატება არ იქნებოდა, რადგან ჩვენ ყველამ საკუთარ ფასი ვიცოდით. ეს იყო ძლიერი და შეკრული კოლექტივი და ბედნიერი ვარ, რომ ამ „დინამოში“ ვითამაშე, რომელმაც დიდი წარმატებას მიაღწია. ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წარმატებებში ჩემი პატარა წვლილი შევიტანე“, – ამბობს თავად სულაქველიძე.
ვეტერანმა დინამოელმა იმ პერიოდის კურიოზული პირობები გაიხსენა: „მაშინ სად იყო ის კომფორტი, რომელიც ფეხბურთელებს დღეს აქვთ. ფორმებსაც ჩვენ ვრეცხავდით, რაც დიდი წვალება იყო. მახსოვს, ლესელიძეში შეკრებაზე ვარჯიშს რომ მოვრჩებოდით, სამი გათბობის ბატარეა იყო. ვინც ჯანზე იყო, მიასწრებდა და მაისურს გადაფენდა და ათბობდა. თუ ვერ მოასწრებდი, შემდეგ ვარჯიშზე სველი ფორმა უნდა ჩაგეცვა. ამ კუთხით ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ახლა რომ აქვს თბილისის „დინამოს“ კარგი ბაზა და მოედნები, ჩვენ დროს ასე ნამდვილად არ იყო“.
სრულად გადაცემა ნახეთ ბმულზე.