თენგიზ სულაქველიძე - კვარაცხელიას ისეთი მონაცემები აქვს, ევროპის ნებისმიერ გუნდში ითამაშებს #1TVSPORT
თენგიზ სულაქველიძე - კვარაცხელიას ისეთი მონაცემები აქვს, ევროპის ნებისმიერ გუნდში ითამაშებს #1TVSPORT

„საფეხბურთო ტაიმაუტში“ ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ ვარსკვლავებმა, თამაზ კოსტავამ და თენგიზ სულაქველიძემ საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი თამაშები შეაფასეს.

თენგიზ სულაქველიძე: „სანიოლის ხელში ჩვენმა ნაკრებმა განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა. ვერც წარმოვიდგენდი, ამ გუნდს ამდენი თუ შეეძლო. შვედეთთან და ესპანეთთან წასაგები თამაშები არ იყო. მინიმუმ სამი ქულა უნდა გვქონოდა. გამიხარდა, რომ ჩვენი ნაკრები მხოლოდ დაცვაში არ თამაშობს. პროგნოზის გაკეთება რთული იყო – ვერ გაიგებდი, ვინ ვის მოუგებდა. ეს მისასალმებელია. მწვრთნელმა მცირე დროში ფეხბურთელები სწორად შეარჩია და ეტყობა, რომ ზურაბ ხიზანიშვილის სახით კარგი ასისტენტიც აღმოაჩნდა“.

თამაზ კოსტავა: „ესპანეთთან თამაშით გაოცებული ვიყავი. მათ სტუმრად 1:0 რომ მოვუგეთ, ცალკარა იყო. ახლა კი მეორე ტაიმში 1:1-ზე ისეთი კარგი მომენტები შევქმენით და მერე გოლი რომ გავუშვით, ცრემლი მომადგა, ასეთ ძლიერ ნაკრებთან რომ წავაგეთ. გუნდში დიდი გარდატეხა მოხდა. როდესაც ჩაკვეტაძე და ოქრიაშვილი დაემატებიან, უკეთესი გუნდი გვეყოლება. მთავარია, რომ „ჩამჯდარ“ ფეხბურთს არ ვთამაშობთ. ასეთი თამაშებით კი შედეგი აუცილებლად მოვა“.

ვეტერანმა დინამოელებმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ილაპარაკეს და მისი ევროპულ კლუბში გადასვლის პერსპექტივა შეაფასეს.

თენგიზ სულაქველიძე: „მთავარია, ტრავმა არ მიიღოს, თორემ ისეთი მონაცემები აქვს, დარწმუნებული ვარ, ევროპის ნებისმიერ მაღალი დონის გუნდში ითამაშებს“.

თამაზ კოსტავა: „წარმატება ვუსურვოთ, ძალიან დიდი მომავალი აქვს. დიდი შრომა უნდა, ეს პოტენციალი რომ გამოავლინოს. არც ჩვენ დროს იყო წარმატების მიღწევა იოლი – ლესელიძეში შეკრებაზე დღეში სამჯერ ვვარჯიშობდით“.