თენგიზ სულაქველიძე იუბილარია - ლეგენდარული „დინამოს“ ნახევარმცველი 66 წლის გახდა #1TVSPORT
თენგიზ სულაქველიძე იუბილარია - ლეგენდარული „დინამოს“ ნახევარმცველი 66 წლის გახდა #1TVSPORT

დღეს თენგიზ სულაქველიძის დაბადების დღეა – თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და ქართული ფეხბურთის ლეგენდა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი 66 წლის გახდა.

თენგიზ სულაქველიძე 1956 წლის 23 ივლისს ქუთაისის დასახლება ჭომაში დაიბადა და ფეხბურთელობის დროს ზედმეტსახელი სწორედ ამის გამო ჭომა შეარქვეს. ჭომაში დაწყებულმა კარიერამ კი ევროპის საუკეთესო მოთამაშეთა შორის მიიყვანა და იმ დონის მოთამაშე იყო, რომელიც ნებისმიერი ტოპ-ლიგის კლუბში ითამაშებდა.

იყო ნამდვილი უნივერსალი – ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოში“ თამაშობდა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, ხოლო საბჭოთა კავშირის ნაკრებში – მცველის ამპლუაში.

თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978) და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასისა (1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი, ხოლო საქართველოს ნაკრებში 1979 წელს სსრ კავშირის სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

1980–1988 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 49 მატჩი ითამაშა და 2 ბურთი გაიტანა. სულაქველიძემ 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე 4 შეხვედრა ჩაატარა. ასევე თამაშობდა საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში. 1988 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ოთხჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. არის ღირსების ორდენის კავალერი. 2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად – თენგიზ სულაქველიძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.