თენგიზ სულაქველიძე - აკადემიაში ახალი მოედანი დიდი შეღავათი იქნება
თენგიზ სულაქველიძე - აკადემიაში ახალი მოედანი დიდი შეღავათი იქნება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის დაფინანსებით, ამჯერად, თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიის მთავარი სტადიონის მოწესრიგება მიმდინარეობს.

სფფ-ს ცნობით, აკადემიაში უკვე დაწყებულია სამუშაოები, რომლის შედეგად აკადემიას ახალი, სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ექნება. 14 მარტს, აკადემიას ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესტუმრა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

”ჩემი ოცნება იყო, რომ აქ ხელოვნური საფარი ყოფილიყო და ეს ოცნება ასრულდა. ეს აკადემიისთვის აუცილებელი იყო, რადგან ჩვენ ძირითადად, ბუნებრივი საფარიანი მოედნები გვაქვს, ცუდი ამინდის დროს კი ძალიან ვწვალობდით, ბავშვებს სრულყოფილად რომ ევარჯიშათ. ახალი ხალიჩა რომ გვექნება, ეს დიდი შეღავათი იქნება, რადან ამიერიდან ვარჯიშები აღარ ჩაგვივარდება” – ამბობს აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, თენგიზ სულაქველიძე.