„ტენერიფეს“ პირველი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე, შერმადინი კვლავ საუკეთესოა
„ტენერიფეს“ პირველი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე, შერმადინი კვლავ საუკეთესოა

გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე რიგით მე-8 მატჩი გამართა. ესპანური გუნდი სტუმრად „ნიჟნი ნოვგოროდს“ ეწვია და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში 75-72 დათმო. ქართველი ცენტრი მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. შერმადინმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 27:53 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. პასივში შერმადინს 3 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმა ჰქონდა.

შერმადინის პასით ალექს ლოპესს ბოლო წამზე გათანაბრება შეეძლო, თუმცა მისი ტყორცნა ზუსტი არ გამოდგა. 7 მოგებითა და 1 მარცხით ტენერიფელები 8-გუნდიან ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 17 დეკემბერს, შინ მონტენეგრულ „მორნარსთან“ ჩაატარებს.