თემურ ქეცბაიამ სიტყვა შეასრულა - ლორია და „ანორთოსისი“კონფერენს ლიგის ჯგუფში გავიდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
თემურ ქეცბაიამ სიტყვა შეასრულა – ქართველი მწვრთნელი ფამაგუსტას „ანორთოსისში“ დაბრუნდა და ორწლიანი მუშაობის შემდეგ გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
კონფერენს ლიგის პლეი ოფში ბეერ-შევას „ჰაპოელთან“ გასვლითი შეხვედრა ფამაგუსტელებმა 0:0 დაასრულეს და განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობა მიიღეს, რაც გამოიყენეს კიდეც.
გიორგი ლორია „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო – საქართველოს ნაკრების მეკარემ შეუცვლელად და საიმედოდ ითამაშა. კვიპროსულმა გუნდმა ანგარიში მე-12 წუთზე კოსტას არტიმატასის ძლიერი დარტყმით გახსნა. 43-ე წუთზე გიორგი ლორიამ პირისპირ გასული ენტონ აკოლაჩეს დარტყმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე იტაი შეხტერმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ერთი წუთის შემდეგ მთავარმა არბიტრმა სტუმართა მცველს, ენტონ აკოლაჩეს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. ბეერშევას გუნდმა თამაში ათი მოთამაშით განაგრძო, რითაც „ანორთოსისმა“ ისარგებლა. 61-ე წუთზე მასპინძლები ლაზაროს ქრისტოდულოპულოსმა პენალტით დააწინაურა – საფინალო სასტვენამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ ორ ეპიზოდში ლორიამ გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა.
საბოლოოდ, „ანორთოსისმა“ ბერ-შევას „ჰაპოელი“ 3:1 დაამარცხა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა. თემურ ქეცბაიამ 13 წლის შემდეგ ფამაგუსტას გუნდი ევროპული ტურნირის ჯგუფში კვლავ გაიყვანა და კლუბს ფინანსური სარგებელიც მოუტანა – ფამაგუსტელები ჯგუფში გასვლისთვის სამ მილიონ ევრომდე შემოსავალს მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ქეცბაია მოთამაშის როლში „ანორთოსისის” ლეგენდაა, მისი 14-ნომრიანი მაისურა ხმარებიდან ამოიღეს და მუდმივად დაუკანონეს. თემური კლუბში 2002 წლის ზაფხულს მოთამაშე-მწვრთნელად დაბრუნდა და 2008-2009 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა – ასეთ შედეგს კვიპროსის ისტორიაში პირველად სწორედ ფამაგუსტელებმა მაიღწიეს.
2009 წელს ქეცბაია პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, თუმცა, მხოლოდ 4 თვით. „ოლიმპიაკოსმა“ ქეცბაიას მეთაურობით ექვსი მატჩი გამართა, რომელთაგან ხუთი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. გიორგი ლორია კი თავის კლუბში ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშებს. კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 27 აგვისტოს სტამბოლში გაიმართება.