თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა – ეს კვიპროსის ფედერაციის პრეზიდენტის, გეორგიოს კუმასის წერილობითი განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომელიც ქართველ მწვრთნელთან დღეს დილით გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
„ნაკრების მწვრთნელთან, ბატონ თემურ ქეცბაიასთან საუბრისას ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ბოლო ორ მატჩში და, საერთოდ, ჩვენს ნაკრებში შექმნილი ვითარების შესახებ.
ბატონმა ქეცბაიამ ფედერაციას მიმართა, რათა მიგვეღო აუცილებელი გადაწყვეტილებები ნაკრების კონკურენტუნარიანობისა და კლიმატის გასაუმჯობესებლად. მან თქვა, რომ გუნდს რადიკალური ცვლილებები სჭირდებოდა.
ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ჩვენი გუნდისთვის ამ რთულ პერიოდში თემურ ქეცბაია ავლენდა პროფესიონალიზმს, სერიოზულობასა და სიყვარულს ეროვნული ნაკრებისა და, ზოგადად, ფეხბურთის მიმართ. ეს დამოკიდებულება მას ახასიათებს, მაგრამ ვინც მას იცნობს, ეს გასაკვირი არ არის.
სამწუხაროდ, ამ თანამშრომლობით ვერც ბატონმა ქეცბაიამ და ვერც ფედერაციამ სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიეთ. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ბატონ თემურს და ვუსურვებთ წარმატებებს როგორც პირად, ასევე პროფესიულ დონეზე“, – წერია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებაში.