თემურ ქეცბაია - შოტლანდიასთან ვერ ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რაც შეგვიძლია #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - შოტლანდიასთან ვერ ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რაც შეგვიძლია #1TVSPORT

ევრო 2024-ის ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, კვიპროსის ეროვნულმა გუნდმა პირველი მატჩი შოტლანდიასთან წააგო (3:0). ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან მისმა გუნდმა პოტენციალი ვერ გამოავლინა.

„ვულოცავ შოტლანდიას დამსახურებულ გამარჯვებას. უნდა ვეცადოთ, დღევანდელ მატჩში დაშვებულ შეცდომებზე ვისწავლოთ. მე ვნერვიულობ, რადგან ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, როგორიც, მგონია, რომ შეგვიძლია.

ჩვენ დავმარცხდით ძალიან კარგ გუნდთან, რომელსაც ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს. მოთამაშე, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობს, სათადარიგოთა სკამზე იყო – ეს შოტლანდიის ნაკრებზე ბევრს მეტყველებს. უბრალოდ 1:0-ით წაგება რომ გვდომებოდა, ბოლოს არ გავრისკავდით, მაგრამ სქემა შევცვალეთ და გავრისკეთ, შედეგისთვის რომ მიგვეღწია. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა და საბოლოოდ 3:0 წავაგეთ.

87-ე წუთამდე თამაშის გადარჩენის იმედი გვქონდა. მაგრამ, სამწუხაროდ, რასაც ბოლო 10-15 წუთში ვცდილობდით, არ გამოგვივიდა ისე, როგორც გვინდოდა და ანგარიში 3:0 გახდა. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას და ვისწავლით შეცდომებზე“, – ამბობს თემურ ქეცბაია.