თემურ ქეცბაია - საქართველოს ნაკრებს სივრცე არ უნდა გავუხსნათ, რადგან მათი ლიდერები კარგად თამაშობენ #1TVSPORT
კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ საქართველოსთან 17 ივნისს დანიშნულ ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ხვალ რთული თამაში გველოდება. საქართველოსთვისაც მძიმე მატჩი იქნება. ამ დაპირისპირებიდან გაირკვევა, თუ რას იზამს ეს ორი გუნდი ჯგუფში. საქართველო ახალგაზრდული გუნდია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს, მაგრამ ჩვენ ასევე გვყავს რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც საბრძოლველად მზად არიან.
საქართველოს ნაკრებთან ვერაფერს მივაღწიე და თუ მინდა, კვიპროსის ნაკრებთან რაღაც დავამტკიცო? ამ თამაშს არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რისი დამტკიცებაც მინდა. მე არაფრის დამტკიცება არ მინდა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ გუნდში მუშაობა. ახლა კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი ვარ და ხვალ გამარჯვება გვინდა. მერჩივნა, ერთ ჯგუფში არ ვყოფილიყავით, მაგრამ ასე მოიტანა ცხოვრებამ.
ეს თამაში მნიშვნელოვანია. ჩვენ ნამდვილად არ ვართ ფავორიტები. ასეთები ჩვენი მეტოქე გუნდები არიან – ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. თუმცა, ამ დროისთვის საქართველო ალბათ არ არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია, ჯგუფში მეორე ადგილზე ჰქონდეს პრეტენზია. ველით, რომ ფეხბურთელები მაქსიმუმს გაიღებენ.
რა უნდა გავაკეთოთ დადებითი შედეგის მისაღწევად? ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებულები თავიდან ბოლომდე. საქართველოში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ბურთთან ძალიან „შენობით“ არიან და რომლებსაც შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა. მათ სივრცე არ უნდა გავუხსნათ, რადგან ჰყავთ კარგი დრიბლიორები, რომლებიც ბოლო ფაზაში კარგად თამაშობენ. უნდა ვიყოთ ფრთხილად, კონცენტრირებულები, რგოლებმა ერთმანეთთან ახლოს უნდა ითამაშონ, ხოლო სადაც შეგვიძლია, აგრესიულად შევუტიოთ. და თუ დავიჯერებთ, რომ მოგება შეგვიძლია, მაშინ გვაქვს შანსი, შედეგს მივაღწიოთ“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.