თემურ ქეცბაია - კვიპროსის ნაკრები ყველასთვის უხერხული მეტოქე უნდა გახდეს #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - კვიპროსის ნაკრები ყველასთვის უხერხული მეტოქე უნდა გახდეს #1TVSPORT

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე, ტელეკომპანია SIGMA-ს გადაცემაში გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

კვიპროსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრების მეტოქეა. თემურ ქეცბაიას გუნდი პირველ შეხვედრას 25 მარტს, საკუთარ მოედანზე შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 28 მარტს ამხანაგურ შეხვედრაში სომხეთს უმასპინძლებს.

„ვმუშაობთ და ვცდილობთ, ავაშენოთ ისეთი ნაკრები, რომელიც არავისთვის არ იქნება ადვილი მეტოქე. ვფიქრობ, ბოლო ამხანაგური მატჩი კარგად ვითამაშეთ და ისრაელის საკმაოდ ძლიერი ნაკრები დავამარცხეთ.

ჩვენ თამაშის გაუმჯობესების ნიშნები ვაჩვენეთ და ეს მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე რთული მატჩები გველის, მაგრამ კვიპროსი ერთა ლიგაზეც დაახლოებით მსგავსი დონის გუნდებთან თამაშობდა და ამან გუნდს დიდი გამოცდილება შესძინა.

წინ რთული გზა გვაქვს გასავლელი და უფრო რთული მატჩები გველის. კარგი შედეგების მიღწევა თუ გვინდა, მეტი უნდა ვიშრომოთ, რომ ისეთი გუნდი ავაშენოთ, რომელთანაც ნებისმიერ მეტოქეს გაუჭირდება.

აქამდე ჩატარებულმა თამაშებმა დაგვანახა, რომ შეგვიძლია ნებისმიერ გუნდთან ბრძოლა. ამის იმედს ის გვაძლევს, რომ ერთა ლიგაზე საბერძნეთის ნაკრებს მოვუგეთ, აქამდე არასოდეს მოგვიგია ისრაელთან და ახლა ეს მოვახერხეთ. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია და არ უნდა დაგვავიწყდეს“, – ამბობს თემურ ქეცბაია.