თემურ ქეცბაია - იმიტომაც მინდა ევრო2020-ზე გასვლა, რომ ფეხბურთს ყურადღება მიაქციონ
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ქართულ ფეხბურთს განსაკუთრებით სჭირდება.
„ამ დღეს 30 წელი ველოდით და გული მწყდება, რომ ეს აქამდე ვერ მოხერხდა. ეს შანსი ახლა ჩვენს ბიჭებს აქვთ და მინდა, რომ ეს მატჩი მოიგონ. მჯერა, ეს შეუძლიათ, მაგრამ სხვა კუთხით მსურს ვილაპარაკო – ეს არის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მომავლისთვის“, – ამბობს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ თემურ ქეცბაია.
მისი თქმით, ახლა ქართულ ფეხბურთს ყურადღება აკლია: „იმედია მოვიგებთ და ამის შემდეგ მაინც გაიღვიძებს ის ხალხი, ვისაც ფეხბურთის თანადგომა შეუძლია და ამას არ აკეთებს. თორემ მგონია, რომ საქართველოში ფეხბურთი მიგდებულია. სწორედ ამიტომ მინდა მოგება, რომ გაიხსენონ ფეხბურთი და რომ ეს სახეობა საქართველოში ხალხს უზომოდ უყვარს“.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა „დინამო-არენაზე“ 12 ნოემბერს გაიმართება. ეროვნული გუნდის ისტორიული მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.