თემურ ქეცბაია - ჩვენ არ ვართ კმაყოფილი მისით, ის კი ჩვენით, ნინუა პაოკ-ს უბრუნდება #1TVSPORT
ნიკა ნინუას ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ საიჯარო ვადა ამოეწურა და თემურ ქეცბაიას გუნდს დატოვებს.
გავრცელებული ცნობით, ნიკა ნინუამ „ანორთოსისში“ ადგილი ვერ დაიკვიდრა, გუნდს ვერც კვიპროსის ჩემპიონატში და ვერც კონფერენს ლიგაზე დაეხმარა, თემურ ქეცბაიამ მასთან დაშორება გადაწყვიტა. იჯარა ვადაზე ადრე გაუქმდება და სალონიკის პაოკ-ში დაბრუნდება. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22 წლის ნახევარმცველით დაინტერესდა „დინამო თბილისი“, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელი გაიზარდა.
ნიკა ნინუას წასვლა მას შემდეგ გადაწყდა, როდესაც თემურ ქეცბაიამ ახსენა, რომ „ანორთოსისს“ ოთხი მოთამაშე დატოვებდა. ამ ოთხეულიდან სამი ცნობილია – კაილ ლაფერტი, ნიკა ნინუა და აზერ ბუსულაჯიჩი. პირველს სათამაშო დრო ჰქონდა, მაგრამ გატანას ვერ ახერხებდა, ხოლო ნინუას და ბუსულაჯიჩს სათამაშო დროც არ ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ ნიკა რეგისტრირებული იყო გუნდის „ბ“ სიაში და შესაბამისად, ლეგიონერის პოზიციას არ იკავებდა. თანამემამულე ნახევარმცველთან დაკავშირებით, რომელიც პაოკ-იდან იჯარით ზაფხულში დაიმატეს, თემურ ქეცბაიამ მოკლედ თქვა: „ჩვენ არ ვართ კმაყოფილი მისით, ის კი – ჩვენით“.