თემურ ქეცბაია - ჩემი მწვრთნელობისას საუკეთესო მატჩი წავაგეთ, არ მჯერა
კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ლომასოლში კონკურენტ „აპოლონს“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმს 0:2-ს იგებდა, საბოლოოდ 3:2 დამარცხდა და კონკურენტთან დაწევის შანსი დაკარგა.
უკიდურესად იმედგაცრუებულმა თემურ ქეცბაიამ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ გუნდს სჭირდება ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ასეთ მეტოქეს გაუმკლავდებიან – მისი თქმით, „ანორთოსისს“ განსაკუთრებით დაცვაში უჭირს.
„არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. წელიწადნახევარია, რაც აქ ვარ და ამ პერიოდში საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. არაერთი შესაძლებლობა გვქონდა. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ წავაგეთ, მაგრამ ასეა, როცა არ გაიტან, თავად გაუშვებ. ამიტომ ზოგი წავა და სხვები მოვლენ, რომლებსაც ასეთ დროს საქმის ბოლომდე მიყვანა შეუძლიათ.
თამაშის დასრულება პირველივე ტაიმში შეგვეძლო. შანსები მეორე ნახევარშიც გვქონდა. „აპოლონმა“ სამი ისეთი გოლი გაგვიტანა, მცველები აშკარად შეცდნე, მაგრამ ახლა ამ შედეგს ვერაფერს შეცვლის“, – განაცხადა ქეცბაიამ.
„ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელს კითხვა ნიკა ნინუას შესაძლო ტრანსფერზეც დაუსვეს, რაზეც ქეცბაიამ მოკლედ უპასუხა, რომ ჯერ ამ საქმეში ახალი არაფერია.