თემურ ხუბულური ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს #1TVSPORT
თემურ ხუბულური ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს #1TVSPORT

სასტუმრო „ტიფლის პალასში“ ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა ჩატარდა, სადაც პრეზიდენტად თემურ ხუბულური აირჩიეს.

ქართული ჭიდაობის ფედერაციის ყრილობას 23 დელეგატი ესწრებოდა – 17 მათგანი აიპ-ს წარმოადგენდა, ექვსი კი ფიზიკური პირი გახლდათ. ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა გელა ბერუაშვილმა დატოვა, რომელმაც ამ პოსტზე სამი ვადით იმუშავა. ახალ პრეზიდენტად კი ერთხმად აირჩიეს ცნობილი ვეტერანი მოჭიდავე თემურ ხუბულური, რომლის თქმითაც, მიზანი სახეობის პოპულარიზაციააა.

„ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში ქართული ჭიდაობა მაქსიმალურად პოპულარული და მასობრივი გახდეს. შესაძლოა, ახლა ილუზიად ჩანს, რომ ოლიმპიურ სახეობად აღიარონ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ქართული ჭიდაობის საერთაშორისო აღიარებაა“, – განაცხადა ხუბულურმა.

თემურ ხუბულური ოლიმპიურ თამაშების ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონია, ხოლო 1976 წელს საქართველოს აბსოლუტური ფალავანის წოდება მოიპოვა.