თემურ ბენდიაშვილი - „ლოკომოტივის“ „კონტინენტის ფარზე“ მონაწილეობა ჩაშლის პირასაა
„დიდი 10“-ის გამარჯვებული გუნდის, „ლოკომოტივის“ „კონტინენტის ფარზე“ მონაწილეობა ჩაშლის პირასაა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ბენდიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
პირველი არხი მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ –
„დასრულდა საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატი რაგბიში. მთლიანობაში საინტერესო და დრამატული ტურნირი, რომლის ჩემპიონი გახდა საკლუბო გუნდი „ლოკომოტივი“.
ამგვარად, „ლოკომოტივი“ საქართველოს ათგზის ჩემპიონია, თავისთავად ეს ფაქტი უკვე მრავლისმთქმელია. მსგავსი ტიტულოვანი გუნდი – რესპუბლიკას არ ჰყავს. თუმცა მეათედ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება დროის საკმაოდ ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ მოხდა. მიზეზი მრავალი იყო, თაობათა ცვლა და წლიდან წლამდე გუნდის ჩამოყალიბება, ცალკეული რაგბისტების მსოფლიო გუნდებში გაფანტვა, ისევ ხელახლა გუნდის შეკვრა, ძიება, შრომა, ბოლო ადგილი არ ეკავა უიღბლობასაც; ჩვენ ხშირად შეგვეძლო გავმხდარიყავით ჩემპიონები, მაგრამ ვერა და ვერ გაირღვა შეკრული წრე, რომლის დაძლევაც წელს მოხდა მხოლოდ, რამაც უდიდესი სიხარული განგვაცდევინა. ვფიქრობ, მთავარი მაინც ისაა, რომ გუნდი ამ გამარჯვებას შეხვდა ერთიანი შეკრული სპორტული შემართებით გამორჩეული სპორტსმენებით. მათგან უმეტესი შესანიშნავ პარტნიორობას გაუწევდა მსოფლიოს საუკეთესო სარაგბო კლუბების სპორტსმენებს. ეს სხვა თემაა და არ გავაგრძელებ, რადგან ჩემი მიზანია გამარჯვებული და საუკეთესო გუნდის სპორტული ცხოვრების ახლო პერსპექტივა.
2018-2019 წლის სეზონზე, როგორც ქვეყნის გამარჯვებულები, მიწვეული ვართ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ჩვენთან ერთად ითამაშებენ ესპანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, რუმინეთის, რუსეთის საკლუბო გუნდები.
შარშან საქართველოდან ამ შეჯიბრში მონაწილეობდა ბათუმის გუნდი, რომელმაც ნახევარფინალამდე მიაღწია და დამარცხდა რუმინეთის გუნდთან. ბათუმს შეეძლო გამარჯვება. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ბათუმის სარაგბო გუნდისთვის ევროპულ გასვლით თამაშებს უკვალოდ არ ჩაუვლია, – საგრძნობლად ამაღლდა ბიჭების თამაშის კლასი, იმატა თვითდაჯერებულობამ. ამჯერად ჩვენ გვეკუთნის ხსენებულ ტურნირში მონაწილეობის მიღება. ბუნებრივია, გვექნება გასვლითი თამაშები, მაგრამ ჩვენი მეტოქეები, ევროპის საუკეთესო საკლუბო გუნდებიც გვესტუმრებიან, რაც ჩვენში ნამდვილ სპორტულ ზეიმს შექმნის. ცხადია, ჩვენდა თავად გამარჯვების იმედი გვაქვს. პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში „ლოკომოტივი“ მონაწილეობას მიიღებს „ჩელენჯ კაპის“ („Challenge Cup“) ტურნირში.
ჩვენი თხოვნაა ბიზნესის წარმომადგენლებისადმი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსადმი და ზოგადად, გულშემატკივრების მიმართ დაგვეხმაროთ ტურნირში მონაწილეობისათვის საჭირო მატერიალური სახსრებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მონაწილეობა მაღალპროფესიულ ევროპულ ტურნირში ჩაშლის პირასაა. არადა, ტურნირზე ჩვენი გამოსვლით რაგბის სამყარო და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ დაინახავდნენ, რომ საქართველო არა მხოლოდ ნაკრების დონეზე, არამედ საკლუბო გუნდებითაც პასუხობს მსოფლიო რაგბის მაღალ სტანდარტებს.“
„ლოკომოტივის“ გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ ბენდიაშვილის მიმართვა…
Posted by Temuri Bendiashvili on სამშაბათი, 31 ივლისი, 2018
შეგახსენებთ, რომ შარშან საქართველოს ჩემპიონი გორის „ჯიქი“ გახდა, თუმცა უსახსრობის გამო კლუბმა ვერ მოახერხა „კონტინენტის ფარზე“ ასპარეზობა და მისი ადგილი ვიცეჩემპიონმა – „ბათუმმა“ დაიკავა.