„ტელეგრაფი“ (The Telegraph) - საქართველო რაგბის ელიტაში მოსახვედრად იბრძვის
„ტელეგრაფი“ (The Telegraph) - საქართველო რაგბის ელიტაში მოსახვედრად იბრძვის

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ (The Telegraph) ქართულ რაგბის ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომლის თარგმანს პირველი არხი გთავაზობთ –

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის თქმით, საფრანგეთში დაახლოებით 250 ქართველი ბურჯი თამაშობს და ეს სრული ინფორმაცია არაა.

2018 წლის ოქტომბერში, მილტონ ჰეიგი ტელევიზორში „ტოპ 14“-ის მატჩს ადევნებდა თვალს, როდესაც შენიშნა, რომ „გრენობლის“ შემადგენლობაში ბექა გიგაშვილი თამაშობდა. სპეციალისტმა დაინახა, რომ მისი გვარი ძალიან ჰგავდა ქართულს.

„მივხვდი, რომ ეს ბიჭი ჩვენიანი იყო. გავიკითხე და მის შესახებ არავის სმენოდა. გიგაშვილს ასაკობრივ გუნდებში არ უთამაშია, მაგრამ საფრანგეთში მაშინ წავიდა, როდესაც ახალგაზრდა იყო, დაბალ დივიზიონებში იასპარეზა და საბოლოო ჯამში „გრენობლში“ აღმოჩნდა. როდესაც მისი თამაში ვიხილე, გავოგნდი. შეგიძლიათ თბილისის ქუჩაში გაიაროთ და ბურჯის მონაცემების მქონე ახალგაზრდა დაინახოთ, რომელიც სიგარეტს ეწევა. კაცებს განიერი მხრები აქვთ. ისინი გენეტიკურად არიან იმისთვის შექმნილი, რომ ღონიერები იყვნენ. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საქართველო წყნარი ოკეანის კუნძულელთათვის ევროპის პასუხია. მსოფლიოში ყველა მწვრთნელს სურს, იმ მდგომარეობაში იყოს, რომელშიც მე ვარ – ანუ ბურჯებით გარშემორტყმული“, – თქვა ჰეიგმა „ტელეგრაფთან“ საუბრისას.

ზუსტად ამიტომ, ზედიზედ მეორე წელია საქართველო ოქსფორდში ინგლისის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის იმ რაოდენობის მაღალი დონის ბურჯი, რამდენიც საქართველოშია. სწორედ ამ მიზეზით დათანხმდა გრემ როუნთრი „ბორჯღალოსნების“ შერკინების მწვრთნელობას.

„ამ კაცს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამ ტურზე და სამ მსოფლიო თასზე აქვს ნამუშევარი და ამის მიუხედავად, ქართველ ბურჯებთან მუშაობა მისთვის მაინც ახალი გამოცდილებაა“, – ამბობს ჰეიგი.

როუნთრიმ ინგლისელთა სამწვრთნელო შტაბი 2015 წელს, მსოფლიო თასის შემდეგ დატოვა. ინგლისელმა სპეციალისტმა „ტელეგრაფთან“ შინ დაბრუნებაზე ისაუბრა –

„დაბრუნებისას განსხვავებული გრძნობა მექნება, თუმცა ამაში უცნაური არაფერია. ჩემი მთავარი საფიქრალი ქართველი ბიჭების კარგად მომზადებაა. ვიცი, რომ მათთვის ინგლისელთა წინააღმდეგ ვარჯიში ძალიან ბევრს ნიშნავს. კარგი შეჯიბრი გამოვა თუ გაგვიჭირდება – კარგ გამოცდილებას მივიღებთ. თუ მათ გაუჭირდებათ – ეს ჩვენს თავდაჯერებას წაადგება“.

ჰეიგმა გამოცდილი მოთამაშეების ნაწილი შინ დატოვა და მათ ნაცვლად ინგლისში ახალგაზრდები წაიყვანა. „რასინგ 92“-ის ამომავალი ვარსკვლავი გურამ გოგიჩაშვილი და 18 წლის კვაჭი ვანო კარკაძე მათ შორის არიან. შარშანდელი ვარჯიშები მედიისთვის ღია იყო და „ბორჯღალოსნების“ შერკინებამ ინგლისი გაანადგურა, მაგრამ ჰეიგი ამჯერად უფრო თანაბარ დაპირისპირებას ელის –

„შარშან შერკინებით კმაყოფილები დავრჩით. პირველი გამოცდილება იყო და ძალიან მოწადინებულნი ვიყავით. ედი (ედი ჯოუნსი, ინგლისის მთავარი მწვრთნელი) ამბობდა, რომ მისი მოთამაშეები ქართველებთან პაექრობის შემდეგ გაკვირვებულები იყვნენ. ისინი ამჯერად სხვა განწყობით დაგვხვდებიან – არაფერი გაუკვირდებათ. ძალიან მაინტერესებს ამ ფაქტორს ახალგაზრდები როგორ გაუმკლავდებიან“.

როუნთრიზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ქართველების ღონიერებამ მოახდინა – „ასეთი რამ სავარჯიშო დარბაზში არასოდეს მინახავს. ქართველი მორაგბეები საოცარ წონებს ეჭიდებიან“.

„ჩვენი ბიჭები ცალი ხელში 70-კილოგრამიანი გირებით ვარჯიშობენ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაგბიში მთავარი ეს არ არის. თუკი ძალ-ღონე მოედანზეც არ აისახა, ვარჯიში დროის კარგვაა“, – აგრძელებს მის აზრს ჰეიგი.

ვარჯიშის სტრუქტურას ინგლისელთა შერკინების მწვრთნელი სტივი ბორთვიკი და მისი წინამორბედი როუნთრი განსაზღვრავენ, მაგრამ ის უკანახაზელების წვრთნასაც მოიცავს და შარშანდელისგან განსხვავებით გუნდები ერთმანეთთან კონტროლირებად შეხვედრასაც გამართავენ. ქართველები შაბათს „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ფარგლებში ბელგიას დაუპირისპირდებიან. მიუხედავად ამისა, ჰეიგის აზრით, ინგლისელებთან ვარჯიშს აზრი ყოველთვის აქვს –

„ეს გამოცდილება ჩვენი მოთამაშეებისთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობით კმაყოფილი ვარ, რადგან პირველი რანგის გუნდებთან იშვიათად გვიწევს თამაში. მათთან ერთად ვარჯიში საუკეთესო გამოსავალია“.

„ბორჯღალოსნების“ მთავარი პრობლემა დღესდღეობით სწორედ უკეთესი ოპონენტების ნაკლებობაა. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს, მომდევნო ოთხ წელიწადში პირველი რანგის მეტოქესთან მხოლოდ ხუთი ტესტი ითამაშეს. ჰეიგის აზრით, ქართული რაგბის განვითარებისთვის უკეთეს მოწინააღმდეგეებთან ხშირად დაპირისპირება აუცილებელია.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი უკვე რვა წელია ცდილობს ყველას დააჯეროს, რომ თბილისი რაგბის გულშემატკივრებისთვის იდეალური ადგილია, რომ ფული პრობლემა არ იქნება, რადგან ქართულ რაგბის მილიარდერი შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი უმაგრებს ზურგს –

„ყველაფერი გვაქვს, სათანადო დონის თამაშების გარდა. იქნება ეს „ექვსი ერის“ ფარგლებში, თუ სხვა ფორმატით ჩატარებულ ტურნირზე – ჩვენ ზრდის შანსი უნდა მოგვეცეს“.