„ტელეგრაფი“ (Telegraph.co.uk) - საქართველო „რვა ერში“ იაპონიას შეცვლის და ინგლისთან ითამაშებს
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის“ (Telegraph.co.uk) მიხედვით, საქართველო შემოდგომაზე გასამართ „რვა ერის“ გათამაშებაში იაპონიას ჩაანაცვლებს და მსოფლიო თასის გარეთ ინგლისს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ „ბორჯღალოსნების“ ტურნირში ოფიციალურად ჩართვა მომდევნო კვირებში მოხდება, ხოლო ინგლისს „ტვიკენჰემზე“, 14 ნოემბერს დაუპირისპირდებიან. ეს გუნდებს შორის მესამე მატჩი იქნება – მანამდე ისინი ერთმანეთს 2003 და 2011 წლის მსოფლიო თასებზე შეხვდნენ.
„ტელეგრაფის ჟურნალისტი“ გევინ მეირსი წერს, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციისგან განსხვავებით, ინგლისის გარდა საქართველოს ირლანდია და უელსი დაუპირისპირდებიან. მეორე ჯგუფში შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია და ფიჯი იასპარეზებენ. თავდაპირველად, ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან ერთად ფიჯის უნდა ეთამაშა, თუმცა იაპონიის მხრიდან ტურნირზე მონაწილეობაზე უარის თქმის შემდეგ ესეც შეიცვალა. კიდევ ერთი ბრიტანული გამოცემა „ვეილსონლაინის“ (Walesonline.co.uk) ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები მეორე მატჩში 21 ნოემბერს, უელსს დაუპირისპირდება. გამოდის, რომ ქართველი მორაგბეები ირლანდიას 28 ნოემბერს შეხვდებიან.
ჯგუფების გამარჯვებულები ფინალურ დაპირისპირებას 5 დეკემბერს გამართავენ.