„თელავმა“ „სპაერი“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT
პლეი ოფის საპასუხო მატჩში „თელავმა“ „სპაერი“ 4:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში 1:1 დასრულდა.
თელავის „კავკასიონი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლებმა ანგარიში მე-15 წუთზე იმედა აშორტიას ზუსტად შესრულებული პენალტით გახსნეს. 21-ე წუთზე „თელავის“ უპირატესობა ირაკლი რუხაძემ გაზარდა, ხოლო 28-ე წუთზე გიორგი ქანთარიას გოლის შემდეგ სხვაობა სამბურთიანი გახდა – 3:0.
მეორე ტაიმი ფორმალობად იქცა. „სპაერის“ მოთამაშეებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს, ხოლო იმედა აშორტიამ 53-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0.
„თელავმა“ ორი მატჩის ჯამში 5:1 (1:1, 4:0) მოიგო და 2024 წელს ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება შეინარჩუნა, „სპაერი“ კი მიზნის მიღწევას შემდეგ სეზონში შეეცდება.