ეროვნული ლიგის დებიუტანტმა საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ 2020 წლის საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო – რევაზ გოცირიძე გუნდს თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ავარჯიშებს.
მზადების პერიოდში დაგეგმილია უცხოური შეკრებაც – 8 თებერვალს გუნდი ანტალიაში გაემგზავრება, სადაც ორი კვირის მანძილზე მოემზადება და 4-5 ამხანაგურ-საკონტროლო შეხვედრას გამართავს – მეტოქეთა ვინაობა ზუსტდება.
„თელავის“ ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ გუნდი გააძლიეროს და 2020 წლის საფეხბურთო სეზონს ეროვნულ ლიგაში სათანადოდ მომზადებული შეხვდეს.
გუნდის პირველი შენაძენი ლაშა კოხრეიძეა – 21 წლის თავდამსხმელს „საბურთალოსთან“ კონტრაქტის ვადა დაუსრულდა და კარიერას „თელავში“ გააგრძელებს – ინფორმაცია თავად ფეხბურთელმაც დაგვიდასტურა.
„ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. „საბურთალოდან“ „თელავში“ მეტი სათამაშო პრაქტიკის იმედად გადავედი. „თელავი“ ამბიციურ კლუბად ყალიბდება და დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ლიგაში წარმატებით ითამაშებს“ – ამბობს ლაშა კოხრეიძე.
32-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრას „თელავი“ 29 თებერვალს გამართავს – რევაზ გოცირიძის გაწვრთნილები საქართველოს ჩემპიონს, თბილისის „დინამოს“ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდებიან.