„თელავმა“ კონკურენტთან ქულა მოიპოვა - „სამტრედიამ“ ორი პენალტიდან ერთი გამოიყენა #1TVSPORT
„თელავმა“ კონკურენტთან ქულა მოიპოვა - „სამტრედიამ“ ორი პენალტიდან ერთი გამოიყენა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ – „თელავმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და მეტოქესთან ქულა გაიყო 1:1.

„კავკასიონი არენაზე“ გამართული ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გაიხსნა – 43-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძის გადაცემით „თელავის“ კაპიტანმა, ირაკლი რუხაძემ ისარგებლა და მასპინძლებმა ტაიმი 1:0 მოიგეს.

მატჩის მეორე ნახევარში „სამტრედიამ“ წონასწორობა სწრაფად აღადგინა. 56-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა. მათე აბულაძის დარტყმული „თელავის“ მეკარემ, დავიდ იურჩენკომ მოიგერია, მაგრამ მანამდე კარის ხაზზე მოძრაობა დაუფიქსირდა და მსაჯმა დარტყმის გამეორება მოითხოვა, რომელიც უკვე ალექსანდარ მიშოვმა შეასრულა და, როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:1.

28 ტურის შემდეგ „თელავმა“ 31 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „სამტრედია“ 26 ქულით მერვე პოზიციაზე დარჩა.