ეროვნული ლიგის მე-17 ტურში თბილისის „მერანმა“ „თელავს“ უმასპინძლა, დიდი ანგარიშით დამარცხდა და ამით მეტოქეს ლიგაში დარჩენის საშუალება მისცა.
შეხვედრა მნიშვნელოვანი მხოლოდ „თელავისთვის“ იყო. გუნდს ბოლო ტურამდე ლიგაში ადგილი უნდა გაენაღდებინა. თბილისის „მერანისთვის“ კი ეს მატჩი აღარაფერს წყვეტდა, რადგან სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ლიგა2-ში დაქვეითდა.
შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა. „თელავმა“ სეზონში პირველად მოახერხა ოთხი გოლის (და მეტის) გატანა. სტუმრებიდან თავი გამოიჩინეს მირიან ჯიქიამ (7), მიხეილ ბაშელეიშვილმა (12), ვლადიმირ დიმიტროვსკიმ (15), ფიზურ მარაქველიძემ (45+4), რაფაელ ჩუკვურამ (47) და იაროსლავ კვასოვმა (86), ხოლო „მერანიდან“ პრესტიჟის გოლი ვანო შენგელიძემ (18) მიითვალა.
საბოლოოდ, „თელავმა“ 1:6 მოიგო, 17 ტურის შემდეგ 23 ქულა დააგროვა და ისევ მეექვსე ადგილზეა, მაგრამ საგრძნობლად გაასწრო გადასასვლელი პლეიაუტის ზონაში მყოფ ქუთაისის „ტორპედოს“ (16). ქუთაისელებს ორი მატჩი აქვთ ჩასატარებელი, მაგრამ „თელავს” 6 ქულის მოპოვებითაც ვეღარ დაეწევიან.
თელაველებმა სადებიუტო სეზონში პროგრამა-მინიმუმი წარმატებით შეასრულეს – გადათამაშებაში მონაწილეობა თავიდან აირიდეს და ქვეყნის საფეხბურთო ელიტაში ახალ სეზონში ადგილი შეინარჩუნეს.