„თელავმა“ „დინამო“ ისტორიაში პირველად დაამარცხა - თბილისელებმა ბათუმელთა დაწევის შანსით ვერ ისარგებლეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ, პირველი გოლი თელავის „კავკასიონ არენაზე“ გავიდა, სადაც „თელავმა“ „დიანმო თბილისს“ უმასპინძლა და მოულოდნელად დაამარცხა.
23-ე ტურის ეს შეხვედრა მოულოდნელი სცენარით განვითარდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის დასაწყისში „თელავი“ დაწინაურდა. მასპინძლებმა კარიდან დაახლოებით 25 მეტრში საჯარიმოს შესრულების უფლება მოიპოვეს, რომელიც ლაშა შერგელაშვილმა შეასრულა – „დინამოს“ ესპანელი მეკარე ანდრე პრიეტო ბურთს შეეხო, მაგრამ ცუდად მოიგერია და ბურთი ბადეში გაეხვია.
„დინამო თბილისი“ მდგომარეობის გამოსწორებას და ანგარიშის გათანაბრებას შეეცადა. ყველაზე რეალური საგოლე შანსი 73-ე და 84-ე წუთებზე ზორან მარუშიჩს ჰქონდა, მაგრამ ვერ ისარგებლა. „თელავი“ 83-ე წუთზე პენალტს ითხოვდა – ირაკლი რუხაძე საჯარიმოში გიორგი პაპავასთან ბრძოლაში წაიქცა, მაგრამ სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი აჩვენეს. თუმცა, სიმულაციას ეს მომენტი არ ჰგავდა. საბოლოოდ, „თელავმა“ უპირატესობა შეინარჩუნა და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი პირველად დაამარცხა – 1:0.
ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით, კახელები 23 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-7 ადგილზე არიან და ქობულეთის „შუქურასთან“ (21 ქულა) უპირატესობა გაზარდეს. „დინამო თბილისი“ კი ისევ 44 ქულით დარჩა და ლიდერის, ბათუმის „დინამოს“ (46) გადასწრების შანსი დაკარგა, რომელსაც „საბურთალოსთან“ მატჩი აქვთ ჩასატარებელი.