„თელავმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო - გუნდში დიდი ცვლილებებია #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მოახლოებული სეზონისთვის მზადება დაიწყო. კლუბი თბილისშია და „ინტერი საქართველოს“ სტადიონზე ვარჯიშობს.
„თელავის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდში მრავლად არიან ახალი ფეხბურთელები, რომელთა დარჩენის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, არიან ისეთებიც, ვისაც მწვრთნელები ჯერჯერობით აკვირდებიან.
„გუნდი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა, შევსება კი საკმაოდ სოლიდურია – არიან საზოგადოებისთვის ცნობილი ფეხბურთელები და შედარებით ახალგაზრდებიც, რომელთა იმედი, ცხადია, გვაქვს.
მთლიანობაში, სავარჯიშო პროცესი გეგმის მიხედვით მიდის – გუნდი ორჯერად ვარჯიშებზეა გადართული, ბიჭებიც ხალისით და მონდომებით, პროფესიულად უდგებიან საქმეს. რაც მთავარია, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე საქმისადმი მათი დამოკიდებულებით ძალიან კმაყოფილია.
რაც შეეხება ახალწვეულებს, მათ ვინაობას ოფიციალურად მაშინ გაცნობებთ, როდესაც „თელავი“ საბოლოოდ დაკომპლექტდება“, – წერია „თელავის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.