„თელავმა“ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა - გია ცეცაძე ვარდან მინასიანმა შეცვალა #1TVSPORT
„თელავის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რამდენიმე დღის წინ განთავისუფლებული გიორგი ცეცაძე ცნობილმა სომეხმა სპეციალისტმა, ვარდან მინასიანმა შეცვალა, – ინფორმაციას „თელავის“ პრესსამსახური ავრცელებს.
„ოფიციალურად: საფეხბურთო კლუბ „თელავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – 49 წლის ვარდან მინასიანი. მას თანაშემწეებად ორი თანამემამულე ჩამოჰყვა – არტაკ მოვსესიანი პირველი ასისტენტი იქნება, არტურ მკრტიჩიანი კი ფიზმომზადების მწვრთნელად იმუშავებს. ფეხბედნიერი იყოს თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები „თელავთან“ ერთად“, – წერია გუნდის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ვარდან მინასიანი დაიბადა 1974 წლის 5 იანვარს ერევანში. წარსულში „პიუნიკისა“ და სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა 2003 წლიდან მწვრთნელობა დაიწყო.
სამწვრთნელო კარიერა
2003/04 სომხეთი (U-19)
2004/05 პიუნიკი (სომხეთი)
2007/08 სომხეთი (ეროვნული)
2008/11 პიუნიკი (სომხეთი)
2009/13 სომხეთი (ეროვნული)
2012/13 პიუნიკი (სომხეთი)
2014/15 ტობოლი (ყაზახეთი)
2017/18 სომხეთი (ეროვნული)
2018/20 არარატ-არმენია (სომხეთი)
2021 თარაზი (ყაზახეთი)
სამწვრთნელო ტიტულები
სომხეთის ჩემპიონი (5) – 2008, 2009, 2010, 2018/19, 2019/20
სომხეთის თასი (2) – 2009, 2010
სომხეთის სუპერთასი (3) – 2010/2011, 2011/2012, 2019/2020
„თელავის“ ახალ მწვრთნელს სომხური ტიტულები არ აკლია, მაგრამ მისი მთავარი მიღწევა სომხეთის ეროვნულ გუნდში ნაჩვენები შედეგებია: მინასიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევში დანიას სტუმრად მოუგო 4:0, იტალიასთან სტუმრად ფრედ 2:2 ითამაშა, სტუმრად მოუგო ჩეხეთს 2:1, შინ 2:1 დაამარცხა ბულგარეთი, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში გასასვლელად სულ ცოტა დააკლდა.
აქვე ვიტყვით, რომ „თელავის“ ახალმა მწვრთნელმა, ვარდან მინასიანმა დღესვე პირველი ვარჯიში ჩაატარა.