ეროვნული ლიგის 28-ე ტურში „თელავმა“ „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ „სამტრედია“ 0:2 დაამარცხა, 29 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე დაწინაურება მოახერხა. თუმცა, გიორგი მიქაძის გუნდმა სამი ქულის მოპოვებასთან ერთად, მნიშვნელოვანი დანაკლისიც განიცადა. მატჩის 86-ე წუთზე, მირიან ჯიქია დაშავდა. საბოლოოდ, გაირკვა, რომ „თელავის“ ვიცეკაპიტნის ტრავმა საკმაოდ მძიმე იყო.
„თელავმა“ გუნდის 30 წლის მარცხენა მცველის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მირიან ჯიქიას ოპერაცია ჩაუტარდა.
„მირიან ჯიქიას, რომელიც „სამტრედიასთან“ მატჩში დაშავდა, თბილისში უკვე გაუკეთეს ყვრიმალის ძვალზე ოპერაცია და ჩვენი გუნდის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. „თელავის“ ვიცეკაპიტანი მატჩის 86-ე წუთზე საჰაერო ორთაბრძოლისას მძიმედ დაშავდა. თუმცა, საბედნიეროდ, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის დახმარებით, მისი კლინიკაში გადაყვანა დროულად მოხერხდა და ყველაფერიც კარგად დასრულდა“, – წერია „თელავის” პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
მირიან ჯიქია „თელავში“ დიდ ხანია თამაშობს და ეროვნულ ლიგაში გადმოსვლისთანავე გუნდში ირიცხებოდა. მიმდინარე სეზონში 30 წლის მცველმა გუნდში 24 მატჩი ჩაატარა.